×

Cookie Consent


„სამართალი და მსოფლიოს“ საგამომცემლო ეთიკის კოდექსი




ზოგადი

1. აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ გამომცემლის, სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტისა და ავტორის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.

2. კოდექსის მიზანია, ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაზღვროს „სამართალი და მსოფლიოს“ პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ.

3. კოდექსი შექმნილია სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.

4. აღნიშნული კოდექსი ვითარდება და იხვეწება თანამედროვეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მიმდინარეობს ეთიკური თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და განხორციელება.

5. სამართალი და მსოფლიო“ სრულად იზიარებს გამოცემების ეთიკის კომიტეტის (COPE) საგამომცემლო პრინციპებსა და პრაქტიკას.




სარედაქციო კოლეგიის მოვალეობები

1. სარედაქციო კოლეგიამ თავისი საქმიანობა უნდა შეასრულოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად, რაც წარმოშობს მომხმარებლის ნდობას და წარმოადგენს ჟურნალის მთავარ ღირებულებას.

2. სარედაქციო კოლეგია გამოქვეყნების საკითხს წყვეტს ნაშრომის სამეცნიერო და ინტელექტუალური ღირებულების გათვალისწინებით და არა ავტორის რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.

3. საჭიროების შემთხვევაში სარედაქციო კოლეგია წარმოადგინს ჩამოყალიბებულ და არგუმენტირებულ მტკიცებულებებს ნაშრომის შინაარსთან და მის სამეცნიერო ღირებულებებთან დაკავშირებით.

4. სარედაქციო კოლეგიამ არ უნდა მოახდინოს ინფორმაციის, გამოყენება ან წარდგენილი სტატიის ციტირება, სანამ იგი არ გამოქვეყნდება, ან ავტორი არ მისცემს ამის ნებართვას.

5. სარედაქციო კოლეგიამ უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა სტატიასა და იმ კომუნიკაციაზე, რაც მასა და ავტორს შორის მიმდინარეობს. შესაძლებელია მხოლოდ გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროება.

6. სარედაქციო კოლეგია რეცენზენტის კომენტარებს და შენიშნვებს ავტორს უგზავნის დაშიფრული სახით (რეცენზენტის ვინაობის გამჟღავნების გარეშე).

7. ავტორების ტელეფონები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, გამოყენებული იქნება მხოლოდ ჟურნალის მიზნებისათვის და არა სხვა მიზნებით ან სხვა მხარის მიერ.

8. თუ მთავარი რედაქტორი არის სტატიის ავტორი/თანაავტორი, იგი არ შეიძლება ჩაერთოს ამ სტატიის განხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა გადაეცემა სარედაქციო საბჭოს მიერ შერჩეულ სხვა რომელიმე წევრს.

9. სარედაქციო კოლეგიის წევრსა და ავტორს შორის ინტერესთა კონფლიქტის (შესაძლო) არსებობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო.




რეცენზენტის მოვალეობები

1. რეცენზენტი სტატიის შეფასებისას მკაფიოდ ასაბუთებს თავის პოზიციას და დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისაგან ან ზეწოლისაგან. იგი აფასებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს და არ ექცევა საკუთარი ან სხვა პირების ინტერესთა გავლენის ქვეშ.

2. შეფასება უნდა ემყარებოდეს ობიექტურობის პრინციპს, დაუშვებელია ავტორის მიმართ პერსონალური კრიტიკა. პოზიცია ნაშრომთან დაკავშირებით გამოხატული უნდა იქნეს მხოლოდ არგუმენტების საფუძველზე.

3. რეცენზია უნდა ჰგავდეს შემოქმედებით დიალოგს ავტორთან, სადაც ორივე მხარე თანასწორუფლებიანია.

4. რეცენზიაში გადმოცემული საკითხი შესაძლებელია საკამათოც იყოს, თუმცა ეს არ ართმევს რეცენზენტს უფლებას, გადმოსცეს თავისი აზრი, ოღონდ ეს აზრი განმტკიცებული უნდა იყოს სათანადო არგუმენტებით და უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი ტექსტის ძირითად და არსებით ეპიზოდებსა და საკვანძო მომენტებს.

5. რეცენზენტს მოეთხოვება, დაიცვას ეთიკის ნორმები და იყოს კეთილგანწობილი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაშიც კი.

6. დაუშვებელია ემოციური ლექსიკა შეფასებების გამოყენებას. მაგალითად: არაჩვეულებრივია, უნიკალურია, განსაკუთრებულია, საშინელებაა, უაზროა, აღმაშფოთებელია და ა. შ.

7. რეცენზენტმა თავი უნდა აარიდოს საკუთრი პერსონის დემონსტრირებას და ორიენტირებული უნდა იყოს განსახილველი ტექსტის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენებაზე.

8. რეცენზენტმა სტატიის შეფასებისას მიღებული ინფორმაციის გამოყენებისას უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა, არ უნდა გამოიყენოს გამოუქვეყნებელი სტატიიდან მიღებული ინფორმაცია რაიმე ფორმით, პირადი მიზნებისათვის, ან იმგვარად, რაც წინააღმდეგობაში იქნება ავტორის ინტერესებთან ან ზარალს მიაყენებს ჟურნალის მიზნებსა და ამოცანებს.

9. რეცენზენტი არ გადასცემს სტატიას სხვა შემფასებლებს მთავარი რედაქტორის ნებართვის გარეშე.

10. რეცენზენტის ვინაობა იფარება იმ შემთხვევაშიც, როცა რეცენზია არის უარყოფითი ან სარეკომენდაციო ხასიათის.

11. რეცენზენტმა უნდა აღნიშნოს ყველა მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ავტორს არა აქვს გამოყენებული, მან ასევე უნდა აწარმოოს დაკვირვება გამოყენებულ ციტირებაზე, რომელიც ავტორს არა აქვს სათანადოდ ციტირებული, ყურადღება უნდა მიაქციოს, არსებობს თუ არა რაიმე არსებითი გადაკვეთა მსგავს საკითხზე გამოქვეყნებულ სხვა მეცნიერთა ნაშრომებში.

12. რეცენზენტი უარს ამბობს რეცენზიის გაკეთებაზე, თუ:

  • მისთვის მისახვედრია ავტორის ვინაობა ტექსტში გამოყენებული ცნობილი ფრაზებითა და იდეებით,
  • გამოგზავნილი ნაშრომი ძალიან უახლოვდება რეცენზენტის კვლევის თემას, რაც შეფასების მომენტში მის სუბიექტურობას განაპირობებს,
  • არსებობს ინტერესთა კონფლიქტის სხვა რაიმე გარემოება (მიუთითებს რომელი).

13. შეფასების პროცესში თუ რეცენზენტი აღმოაჩენს რაიმე შეუსაბამობას, როგორიცაა: პლაგიატი, მონაცემთა გაყალბება, ჩრდილოვანი ავტორი, ორმაგი გამოქვეყნება და ა.შ. იგი ამის შესახებ აცნობებს გამომცემელს.

14. თუ რეცენზენტი ვერ ახერხებს ნაშრომის რეცენზირებას რედაქციის მიერ შეთავაზებულ ვადაში ან კვლევის საგანი აღემატება მის კომპეტენციას და თავს თვლის არაკვალიფიციურად, მან ამის შესახებ უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს „სამართალი და მსოფლიოს“ რედაქციას.




ავტორის მოვალეობები

1. ავტორმა უნდა დაარწმუნოს სარედაქციო კოლეგია, რომ მისი ნაშრომი არის ორიგინალური კვლევის შედეგი.

2. სხვა ავტორების იდეებისა და ციტატების გამოყენების შემთხვევაში, ნაშრომი უნდა იყოს შედგენილი „სამართალი და მსოფლიოს“ სავალდებულო ციტირების სტილის შესაბამისად.

3. ავტორმა არ უნდა გადასცეს უკვე გამოქვეყნებული ნაშრომი სხვა ჟურნალს, ან სხვა გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომი არ უნდა გამოუგზავნოს „სამართალი და მსოფლიოს“ რედაქციას.

4. პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება ითვლება არაეთიკურ და არაკეთილსინდისიერ ქცევად, რომელიც ლახავს პიროვნების ღირსებას და ეწინააღმდეგება სამეცნიერო საზოგადოებაში დამკვიდრებული აკადემიური საქმიანობის პრინციპებს.

5. გამოქვეყნებამდე აღმოჩენილი პლაგიატის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და რედაქცია მოსთხოვს განმარტების წარმოდგენას 5 დღის ვადაში.

6. სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, ავტორის განმარტების შემდგომ, განუსაზღვროს მას გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.

7. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ან ავტორის განმარტება ვერ აბათილებს პლაგიატის არსებობას, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.

8. ასეთ შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იტოვებს ამ ავტორის მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების „სამართალი და მსოფლიოში“ გამოქვეყნებაზე საბოლოოდ უარის თქმის უფლებას, ან აუკრძალავს მას გამოქვეყნებას 3 წლამდე ვადით, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

9. გამოქვეყნების შემდგომ პლაგიატის ნიშნების ნებისმიერი ფორმით გამოვლენის შემთხვევაში, საკითხს შეისწავლოს სარედაქციო კოლეგია, აცნობებს ავტორს პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოსთხოვს განმარტების წარმოდგენას 5 დღის ვადაში.

10. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე ან ავტორის განმარტება ვერ აბათილებს პლაგიატის არსებობას, სარედაქციო საბჭო მსჯელობს ავტორის პასუხისმგებლობის შესახებ.

11. სარედაქციო კოლეგია დადასტურებული პლაგიატის წარმომდგენ ავტორს აუკრძალავს „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის გამოქვეყნებას 3 წლამდე ვადით ან საბოლოოდ, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში რედაქცია იტოვებს უფლებას, ამოიღოს გამოქვეყნებული სტატია ჟურნალის ელექტრონული ვერსიიდან.

12. შედარებითი მსუბუქი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მკვლევარის გამოუცდელობა ან განმარტება გულწრფელ შეცდომაზე, ასევე თვითპლაგიატი და დაუდევრობითი პლაგიატი.

13. ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ეცნობება პლაგიატის ავტორს.

14. ავტორს შეუძლია მის მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ მოითხოვოს დასაბუთებული წერილობითი პასუხი მთავარ რედაქტორისგან.




გამომცემლის მოვალეობები

1. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი უზრუნველყოფს „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის ნორმების შესრულებას აღნიშნული კოდექსის მიხედვით.

2. გამომცემელმა უნდა დაარწმუნოს ავტორი/მკითხველი, რომ „სამართალი და მსოფლიოს“ სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე არ ხდება რაიმე გარე ფაქტორების ჩარევა.

3. გამომცემელი უზრუნველყოფს კომუნიკაციას ჟურნალსა და ავტორს შორის.

4. გამომცემელი ახდენს მორიგების საუკეთესო შეთავაზებას საჩივრის შემთხვევაში.

5. გამომცემელი ხელს უწყობს და ავითარებს „სამართალი და მსოფლიოს“ საუკეთესო პრაქტიკას და ორიენტირებულია უზუსტობების გამოსწორებაზე და სიახლეების დანერგვაზე.




სხვა დებულებები

1. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის შესახებ (ნაშრომის ავტორი, სათაური, დარღვევის ტიპი, დასაბუთება).

2. მთავარი რედაქტორი ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში სარედაქციო კოლეგიასთან ერთად და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ეცნობება ავტორს/ავტორებს და ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი განმარტებები.

3. ავტორის/ავტორების განმარტებების შესწავლის შემდგომ, თუ სარედაქციო კოლეგია მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული ნაშრომი ეწინააღმდეგება ჟურნალის წესებს, სარედაქციო კოლეგია იღებს კოლეგიალური წეით იღებს გადაწყვეტილებას.

4. რედაქცია უფლებამოსილია დარღვევის შესახებ ინფორმაციიის საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში (სოციალური მედია ან სხვა წყარო) მოახდინოს რეაგირება განაცხადზე იმგვარად, როგორც მოიქცეოდა წერილობითი განაცხადის შემთხვევაში.




ეთიკის კოდექსი - Journal Law and World