პლაგიატის პოლიტიკა


აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები

„სამართალი და მსოფლიო“ ზედმიწევნით იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების და ინტელექტუალური საკუთრების პრინციპებს.

პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება მიიჩნევა არაეთიკურ და მიუღებელ ქცევად.

ავტორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარ ნაშრომში გამოყენებული წყაროების სათანადოდ და ზუსტად მითითება.

პლაგიატად მიჩნევა

სხვა ავტორის ნაშრომის, იდეის, ფორმულის და ა.შ. ნებისმიერი ფრაგმენტის სიტყვა-სიტყვით კოპირება და საკუთარ იდეად გასაღება (პირდაპირი პლაგიატი).

რამდენიმე ავტორის ფრაზების კომპილაცია, როდესაც მითითებულია ავტორი, მაგრამ ტექსტის კითხვისას შეუძლებელია გარჩევა, სად სრულდება ნაწერის ავტორის ორიგინალური მოსაზრება და სად არის ჩასმული ციტატები (მოზაიკური პლაგიატი).

სხვა ავტორის ნამუშევარში გამოყენებული სიტყვების სინონიმებით შეცვლა ტექსტის ძირითადი სტრუქტურისა და შინაარსის შეუცვლელად, სიტყვათა თანმიმდევრობის ცვლილება წინადადებაში, ტექსტის გარკვეული მონაკვეთის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა (პერიფრაზირებული პლაგიატი).

ავტორების ან წყაროების მითითებისას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამორჩენა ან არევა, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს დაუდევრობით (დაუდევრობითი პლაგიატი).

ნაშრომში გამოყენებული სხვა პირისგან მიღებული დახმარების დამალვა, ჯგუფური პროექტის მხოლოდ საკუთარ ნამუშევრად წარმოჩენა.

ნაშრომის ან მისი ნაწილის სხვა პირისაგან შეძენა და საკუთარ ნაშრომად წარმოჩენა.

საკუთარი ძველი ნაშრომის ახლად წარმოჩენა (თვითპლაგიატი).

სხვათა ზეპირად გამოთქმული იდეების, აზრების, თეზისების (რომლებიც არსად გამოქვეყნებული არ არის) მისაკუთრება (ლექცია, მოხსენება, სემინარი, სიმპოზიუმი, ტრენინგი, სადისკუსიო შეკრება და ა.შ).

აკრძალულია ასევე ნაშრომში მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება (ფალსიფიკაცია).

თუ ავტორი იყენებს ცხრილებს, დიაგრამებს, დამუშავებულ სტატისტიკებს ან ტექსტებს, რაც უკვე გამოქვეყნებულია სხვაგან, ვალდებულია აიღოს ნებართვა ამ მასალის საავტორო უფლების მფლობელისგან. ამ ინფორმაციის მითითება უნდა მოხდეს სტატიის სქოლიოში.

პლაგიატის პრევენციისა და გამოვლენის პროცედურები

შემოსული სტატია, ტექნიკური პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, გადის პლაგიატის (შინაარსის უნიკალურობის) შემოწმებას ელექტრონული პროგრამის Turnitin-ის მეშვეობით.

Turnitin-ის პროგრამის მეშვეობით დგება ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებთანაც შესამოწმებელი დოკუმენტი ამჟღავნებს მსგავსებას.

ჟურნალი ტექსტური დამთხვევის ანგარიშებს აფასებს ხარისხობრივი და კონტექსტუალური შეფასების საფუძველზე და არ ეყრდნობა მხოლოდ ფიქსირებულ პროცენტულ ზღვარს. სარედაქციო გადაწყვეტილება მიიღება გამოვლენილი ტექსტური დამთხვევების ხასიათის, მოცულობის, წყაროსა და აკადემიური კონტექსტის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ვინაიდან, Turnitin-ის პროგრამის მეშვეობით ვლინდება მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში არსებული მონაცემების იდენტიფიკაცია, შესაბამისად, იგი სრულად ვერ უზრუნველყოფს პლაგიატის სხვადასხვა სახის დადგენას, მაგ. პერიფრაზირებული პლაგიატი და ა.შ. ამიტომ Turnitin-ის პროგრამაში შემოწმების შემდეგ, ხდება სამეცნიერო ნაშრომის ორმაგი ფარული რეცენზირება „სამართალი და მსოფლიოს“ დადგენილი წესების შესაბამისად.

შესაბამისი სანქცია

პლაგიატის ნიშნების ნებისმიერი ფორმით გამოვლენის შემთხვევაში, საკითხს შეისწავლოს სარედაქციო კოლეგია „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად.