სათაური: ზუსტად და კომპაქტურად გამოხატავს ნაშრომის მთავარ პრობლემას, ქმნის წარმოდგენას ნაშრომის შინაარსზე და აღძრავს დასმული პრობლემის შესახებ ინტერესს. სათაურში სიტყვების მაქსიმალური რაოდენობაა 20 ერთეული. სათაურზე ავტორის შენიშნვა აღინიშნება ფიფქით, ფურცლის ბოლოში განმარტებით.
აფილაცია: ავტორის სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, ორგანიზაცია, რომლის სახელითაც ხორციელდება კვლევა, ქვეყანა. ელ-მისამართი და ORCiD-ის იდენტიფიკატორი.
აბსტრაქტი: აბსტრაქტი წინ უძღვის სტატიას და აღწერს განსახილველ თემას. მასში მოცემულია იმ ძირითადი საკითხების შეჯამება, რასაც სტატიაში ავტორი მიმოიხილავს. იგი მოკლედ და ზუსტად გადმოსცემს ნაშრომის შინაარსს იმგვარად, რომ მკითხველისათვის მეცნიერული პრობლემატიკა პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე გახდეს გასაგები. აბსტრაქტის მიზანია გადააწყვეტინოს მკითხველს არის თუ არა მოცემული მასალა მისთვის საინტერესო, რატომ უნდა წაიკითხოს და რა კითხვებზეა კვლევაში პასუხი გაცემული. აბსტრაქტი შეიცავს 150 – 250 სიტყვას.
საკვანძო სიტყვები: საკვანძო სიტყვები უნდა მოიცავდეს მინიმუმ სამსა და მაქსიმუმ ხუთ ტერმინს, რომლებიც ზუსტად ასახავს კვლევის თემატიკას და მის არსობრივ მიმართულებას.
შესავალი: შესავალში უნდა აისახოს თემის აქტუალობა, კვლევის საგანი, მიზნები და ამოცანები. ავტორმა უნდა წარმოადგინოს არსებული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა, განსაზღვროს უკვე არსებული კვლევითი ხარვეზი და გამოკვეთოს ნაშრომის სიახლე. შესავლის ბოლოს რეკომენდებულია სტატიის სტრუქტურის მოკლე ანონსი.
მეთოდოლოგია: მეთოდოლოგიაში უნდა განიმარტოს, რომელი კვლევითი მიდგომები და მეთოდები გამოიყენება (მაგ., დოქტრინული, შედარებითი, ემპირიული ან შერეული), რატომ შეირჩა ეს მეთოდები და როგორ უწყობს ხელს მათი გამოყენება კვლევის მიზნების მიღწევას. მცირე მოცულობის ან დოქტრინულ ნაშრომებში დასაშვებია მეთოდოლოგიის შერწყმა შესავლის ნაწილში.
მიგნებები და დისკურსი: ამ სექციაში წარმოდგენილი უნდა იყოს კვლევის ძირითადი შინაარსი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც კვლევის პროცესის აღწერას, ისე მიღებული შედეგების ანალიზსა და ინტერპრეტაციას. ტექსტი უნდა აჩვენებდეს თანმიმდევრულ მსჯელობას, რომლის საფუძველზეც ავტორი აკეთებს თეორიულ დასკვნებს და შუალედურ შედეგებს.
სექციია წარმოდგენილია სტრუქტურებად (თავები, ქვეთავები, პარაგრაფები), რათა მკითხველისთვის მარტივად აღსაქმელი და ლოგიკურად გამართული გახდეს სტატიის ძირითადი ნაწილი.
დასკვნა: წარმოადგენს ტექსტის ძირითადი ნაწილის გაგრძელებას. იგი მკაფიოდ და ლაკონურად აჯამებს კვლევის შედეგებს, წარმოაჩენს მოცემული კვლევის მთავარ არსს, მეცნიერულ სიახლესა და მის ღირებულებას, აღწერს ძირითად მიგნებებსა და შესაძლო რეკომენდაციებს, ქმნის კვლევის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივასა და იტერესს.
ცხრილები, დიაგრამები და დანართი: სტატიაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ცხრილები და დიაგრამები შესაბამისი დასათაურებითა და თანმიმდევრული დანომრებით. დიდი მოცულობის დამხმარე მასალა შესაძლებელია მოთავსდეს სტატიის ბოლოში, ცალკე დანართის სახით.
სქოლიო: სქოლიო (დამოწმებული ლიტერატურა, შენიშვნები, ავტორისეული განმარტებები) უნდა განთავსდეს ტექსტში გვერდების ბოლოს.
გამოყენებული ლიტერატურა: დამოწმებული ლიტერატურა უნდა იყოს წარმოდგენილი ანბანურად დალაგებული სიის სახით, ტექსტის ბოლოს.
გამოყენებულ ლიტერატურაში მითითებული წყარო ციტირებული უნდა იყოს სტატიაში.
ყველა არაინგლისურენოვანი წყაროს სათაური უნდა ითარგმნოს ინგლისურად, ხოლო ჩანაწერის ბოლოს აუცილებლად უნდა მიეთითოს წყაროს ორიგინალი ენა, (მაგ.: in Georgian, in German).
გამოყენებულ ლიტერატურაში მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს: სამეცნიერო ლიტერატურა, ნორმატიული მასალა, სასამართლო გადაწყვეტილებები, და სხვა დამხმარე მასალები (მაგ. ლექსიკონები, მონაცემთა ბაზები, ენციკლოპედიები).
გამოყენებული ლიტერატურა, ისევე როგორც სქოლიო, უნდა გაფორმდეს APA სტილის მიხედვით.
*შენიშვნა: 35-ე ნომრიდან ჟურნალში „ბიბლიოგრაფიის“-ს ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „გამოყენებული ლიტერატურა”. ცვლილება განხორციელებულია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად. წინა ნომრებში გამოყენებული ტერმინი „ბიბლიოგრაფია“ უნდა ჩაითვალოს ტოლფასად „გამოყენებული ლიტერატურა“.
სტატიის მომზადებისას ავტორებს შეუძლიათ ისარგებლონ წარმოდგენილი შაბლონით.