ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი ასპექტები
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
ანოტაცია
საკვლევი თემის მიზანს წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტის დროს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობის საკითხის სიღრმისეული შესწავლა და იმის გარკვევა, თუ რა სამართლებრივი და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ქორწინების რეგისტრაციას, თანაცხოვრების დაწყებას თუ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში თანაცხოვრების შეწყვეტას ქონების გაყოფისას. კონკრეტულად, როდის და რა პირობებში შეიძლება ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით?! საქართველოს კონსტიტუციით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სასამართლოში საკვლევ თემასთან დაკავშირებული დავათა რაოდენობა, მიუთითებს მის აქტუალობაზე. ერთი შეხედვით აღნიშნული საკითხი არცთუ ისე პრობლემურია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები იძლევა მისი გადაჭრის წესს, თუმცა ნორმის გონივრული განსჯის შედეგად, რეგისტრირებული ქორწინების ფაქტი ავტომატურად არ წარმოშობს ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმს. სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზებით ხაზი გაუსვას ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობას და საოჯახო მეურნეობის როლს, რადგან სწორედ საოჯახო მეურნეობის არსებობა რიგ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ქონების თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. სამართლის განვითარებასთან ერთად ცალკეულ ნორმაში მოცემული კლასიკური გამონაკლისების ადამიანის უფლებებთან მიმართებაში სისტემური, შინაარსობრივი განმარტებით, იძლევა საკითხის გადაჭრის განსხვავებულ წესს, რამეთუ სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საკვანძო სიტყვები: რეგისტრირებული ქორწინება, ოჯახი, თანაცხოვრება, საოჯახო მეურნეობა, თანასაკუთრება, ინდივიდუალური საკუთრება
შესავალი
ოჯახი მრავალწახნაგოვანი სოციალური მოვლენაა, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიურ და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და ზნეობრივ, იდეოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ ურთიერთობებს; თუმცა ოჯახს განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, დღესაც აქტუალური ხდება თანამედროვე ოჯახის მნიშვნელობა და მისი წევრების უფლება - მოვალეობების განსაზღვრა საკანონმდებლო კუთხით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე ცხოვრებას.[1]
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი განმარტავს ოჯახის ცნებას. ოჯახი ეს არის - ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.[2] თანამედროვე გაგებით, ოჯახი არსებითად იგივე შინაარსისაა, თუმცა ხასიათდება ბევრი სპეციფიკური თავისებურებით. არსებობს ოჯახის ზოგად სოციოლოგიური და სპეციალურ-სამართლებრივი ცნება. სოციოლოგიური გაგებით ოჯახის არის პირთა ქორწინებაზე, ნათესაობასა და ბავშვების აღზრდაზე დაფუძნებული კავშირი, რომელიც განპირობებულია ერთად ცხოვრების, ინტერესთა ერთიანობისა და ურთიერთ ზრუნვის ფაქტორით. ოჯახური კავშირი წარმოადგენს მეტად რთულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ნაირსახეობას, რომელშიც აისახება არა მარტო პირთა განსაზღვრული წრის მრავალწახნაგოვანი ინტერესები, არამედ ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესაბამისი თავისებურებები.[3] სამართლებრივი გაგებით, ოჯახი მისი წევრების იურიდიული კავშირია. საოჯახო ურთიერთობებს იურიდიულ ხასიათს ანიჭებს მათი რეგულირება სამართლებრივი ნორმებით. ეს კი შესაძლებელია ოჯახის წევრთა ქცევაზე სახელმწიფოს მხრივ ზემოქმედების შესაძლებლობისა და საზღვრების ფარგლებში სავალდებულო წესების ზემოქმედების დადგენით.[4]
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2024 წლის 17 სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ქორწინების ცნება, კერძოდ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ − სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამ მუხლის მიზნებისთვის ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი.[5] სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებმა შეიძლება განიცადოს სახეცვლილება, შეიზღუდოს ან გაფართოვდეს ან სრულად შეიცვალოს მხარეთა თანხმობით, მაგრამ აღნიშნული ვერ მოხდება ქორწინებასთან დაკავშირებით. როგორც კი მხარეები გამოთქვამენ თანხმობას ქორწინებაზე, მაშინვე მოქმედებას იწყებს საკანონმდებლო რეგულირება, რაც წარმოშობს მხარეთა სხვადასხვა ვალდებულებებს.[6] ქორწინება ოჯახის საფუძველია. ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. სწორედ ამიტომ მეუღლეთა შორის დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ საკითხის გადაწყვეტას, რაც შეეხება ქორწინებიდან გამომდინარე თანასაკუთრებას.[7] ქორწინების შეწყვეტის შემდეგ დღის წესრიგში დგება თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფის საკითხი. აღნიშნული საკითხის განხილვისას კი სასამართლო ხელმძღვანელობის ისეთი კრიტერიუმებით როგორიც არის ქორწინების რეგისტრაცია, საოჯახო მეურნეობა და ხანდაზმულობის ვადა.
მეთოდოლოგია
კვლევა ეფუძნება დოქტრინულ სამართლებრივ მეთოდს, რომლის ფარგლებშიც გაანალიზებულია საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული ინტერპრეტაციების გამოსავლენად გამოყენებულია საქმის ანალიზის მიდგომა, განსაკუთრებით უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ქვემდგომი ინსტანციების პრაქტიკის მაგალითებზე.
გამოყენებულია შედარებითი სამართლის მეთოდი, რომელშიც შესწავლილია უცხო ქვეყნის იურისდიქციები (თურქეთი, ბელგია, ნიდერლანდები, იტალია, აშშ) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რათა ქართული რეგულაცია განთავსდეს ფართო საერთაშორისო კონტექსტში.
კვლევა ასევე ეყრდნობა დოქტრინულ და სამეცნიერო წყაროებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ოჯახურ და ქონებით სამართალში. ნორმების ინტერპრეტაცია განხორციელებულია სისტემური და ტელეოლოგიური მიდგომებით, კონსტიტუციურ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
კვლევა შემოიფარგლება ნორმატიულ-სამართლებრივი და სასამართლო პრაქტიკის ანალიზით და არ მოიცავს ემპირიულ ან სოციოლოგიურ კვლევას.
1. ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის მნიშვნელობა
რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა ადამიანის პირადი უფლებაა. უამრავი წყვილი ეწევა თანაცხოვრებას რეგისტრაციის ფაქტის გარეშე. კანონი არ ქმნის ოჯახს, კანონი ქმნის სტრუქტურას რომლითაც ოჯახი არის აღიარებული და დაცული.[8] ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ოჯახური ცხოვრების არსებობა-არარსებობის საკითხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე.[9] ევროპულმა სასამართლომ 1994 წლის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე“.
თანამედროვე მსოფლიოში ინტერესის საგანი საოჯახო სამართლის მიმართ ძირითადად განპირობებულია ოჯახის წევრთა ურთიერთობების სოციალური და ეკონომიკური ასპექტებით, მათ შორის ქორწინების შეწყვეტის შემდგომი ფინანსური შედეგებით თუ სხვა.[10] თეორიულად, ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა იმით შემოიფარგლება, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები. ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს.[11] გაერთიანებულ სამეფოში ქორწინების შეწყვეტის დროს თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ქონების განაწილებაზე, ისინი მიმართავენ სასამართლოს და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ქონების განაწილებაზე და მათ შორის ქონების რეალიზაციაზეც.[12]
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება[1]მოვალეობების წარმოშობას და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში, მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს.[13] არარეგისტრირებული ქორწინება არ წარმოშობს შეძენილ ქონებაზე რაიმე სახის უფლებას.[14]’[15] დე ფაქტო „ოჯახური ცხოვრების“ დადგენას სხვა - ასე მაგალითად, მამობის დადგენის, ან მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის საქმეებზე - შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი დატვირთვა.[16] ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა ქორწინებასთან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების გათანაბრებას არ ითვალისწინებს.[17]
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი შეიცავს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების სამართლებრივ რეგულირებას. პრაქტიკულად, ნორმით განისაზღვრება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (ქორწინების განმავლობაში) მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების საკითხი, თუმცა, მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია არ არის განმსაზღვრელი საკუთრებაზე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის უფლებრივი რეჟიმის გასავრცელებლად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ სადავო ნივთების შეძენისას მეუღლეები აღარ აწარმოებდნენ საერთო მეურნეობას და ქორწინება, მიუხედავად რეგისტრაციის არსებობისა, ფაქტობრივად იყო შეწყვეტილი. კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, საერთო ქონება სსკ-ის 1158-ე მუხლის მიზნებისათვის იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით.[18]
ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტა შეიძლება გახდეს ასევე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველიც, კერძოდ, სსკ-ის 1341-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით შეიძლება მეუღლეს ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.[19]
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას.[20] მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება[21] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „შერიფე იითი თურქეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივანის მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლები არ დაურღვევია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველი საქმე შეადარა საქმეს - „მუნოს დიაზი ესპანეთის წინააღმდეგ“ და განმარტა, რომ ამ შემთხვევისგან განსხვავებით, შერიფე იითს ვერ ექნებოდა სახელმწიფოსგან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების აღიარების მართლზომიერი მოლოდინი. სასამართლომ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო ქორწინების მარეგულირებელი ნორმების სიცხადესა და ხელმისაწვდომობას და სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება დაადასტურა.[22] თურქეთის სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნი ეძღვნება საოჯახო სამართალს. მესამე სექციის 134-144 მუხლები არეგულირებენ ქორწინების განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციის წესს. თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლი განმარტავს, რომ ქალმა და მამაკაცმა ქორწინებისათვის ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ ქორწინების მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელი მათგანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შემდგომი მუხლები განსაზღვრავენ განაცხადის წარდგენის ფორმა, თანდართული საბუთების ნუსხას, ვადებს და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს.[23] კანონმდებლობა იმდენად ნათელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ მისი სხვაგვარად განმარტება შეუძლებელია.
2. ქონების გაყოფისას საოჯახო მეურნეობის არსის მნიშვნელობა
მსგავსად ბელგიის საკანონმდებლო რეგულირებისა[24] თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების თანასაკუთრებად მიჩნევისათვის პირველი და აუცილებელი წინაპირობაა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის არსებობა. ქორწინების მოწმობა არის prima facie მტკიცებულება, რომ ქორწინება არსებობს.[25] არიან ქვეყნები, სადაც, მიუხედავად არარეგისტრირებული ქორწინებისა, წყვილებს მაინც ეძლევათ უფლებები, მაგალითად: ნიდერლანდების სამეფოში მოქალაქეებს ენიჭებათ არჩევანის თავისუფლება სამოქალაქო პარტნიორობასა და ქორწინებას შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირებისათვის რეესტრს ადგენს და აწარმოებს მუნიციპალიტეტის სპეციალური სამსახური.[26] რაც შეეხება ამერიკულ მიდგომას, იგი განსხვავებულია შტატების მიხედვით – ზოგიერთ შტატში ქორწინებისათვის რელიგიური მოწმობით გაფორმება საკმარისია, თუმცა ზოგიერთი შტატი არ ცნობს ფაქტობრივ თანაცხოვრებას და ქორწინების ნამდვილობისათვის რეგისტრაციას ითხოვს. ისრაელის კანონმდებლობა ქორწინებისას რელიგიურ ხასიათს ირჩევს და მისი ძალმოსილება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისმა იერარქმა. იტალიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჰიბრიდული მოდელი, სადაც მოქმედებს როგორც რელიგიური, ასევე, სამოქალაქო ქორწინება. საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს ისეთი ბერკეტი, რომელიც უფლებრივად გაუთანაბრებს ფაქტობრივ (არარეგისტრირებულ ქორწინებას) რეგისტრირებულ ქორწინებას.[27]
თუ სახეზე არ არის რეგისტრირებული ქორწინება მაშინ, არარეგისტრირებულ საოჯახო თანაცხოვრებაში მყოფი პირები, საერთო წესით, კერძოდ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის[28] მარეგულირებელი ნორმებით იწყებენ დავას შეძენილ ქონებაზე[29] საკუთრების უფლების მოპოვებისათვის.
ქონება და ქორწინება ორივე უძველესი და თითქმის უნივერსალური სოციალური ინსტიტუტია.[30] საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.[31]
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ერთ-ერთ საქმეში,[32] კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხემ მამის ნაჩუქარი ფულით შეიძინა, იგი მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად ვერ იქნება მიჩნეული. საკასაციო სასამართლო განმარტა, რომ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიერ საჩუქრად მიღებული ნივთის საკუთრების ფორმის (ინდივიდუალური თუ საერთო) განსაზღვრისათვის, არსებითი მნიშვნელობისაა, დადგინდეს მჩუქებლის ნება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მამის ნება მოპასუხის ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვისაკენ იყო მიმართული და ოჯახის საერთო მიზნებს ემსახურებოდა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხე თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. კასატორი თავად ადასტურებს, რომ სადავო სახლის ადგილმდებარეობა მოსარჩელის სურვილით შეირჩა, დედის სახლთან ახლოს (იხ. ამ განჩინების 11.3 ქვეპუნქტი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საცხოვრებელი სახლი, რომელიც კასატორმა, ქორწინების განმავლობაში, მამის ნაჩუქარი ფულით შეიძინა, მთლიანი ოჯახისათვის იყო განკუთვნილი და როგორც საჩუქარი, მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს.[33]
თითოეული მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ჩუქების ან მემკვიდრეობის წესით მიღებული ქონება. მეუღლეთა პირად საკუთრებად ითვლება აგრეთვე, პირადი მოხმარების ნივთები (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა. შ), თუნდაც ისინი შეძენილი იყოს ქორწინებაში ყოფნის დროს მეუღლეთა საერთო სახსრებით, გარდა ძვირფასეულობისა. თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება, ცნობილი იქნეს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად, თუ დადგენილი იქნება, რომ ქორწინების განმავლობაში დახარჯული თანხების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (კაპიტალური რემონტი, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვ). ანალოგიურ რეგულირებას ვხვდებით ბელგიის საოჯახო სამართალშიც.[34]
მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას განეკუთვნება ხელფასი და სხვა ფულადი შემოსავლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რიცხული. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ამდენად, უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენის ფაქტი.[35]
ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ არ გაიზიარე მოპასუხის პრეტენზია და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავი ქონებები მოპასუხემ შეიძინა იმ თანხით რომელიც მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ......, ფართობით 2052 კვ. მ.) რეალიზაციის შედეგად, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. სასამართლო უდავო და სადავო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე რომ, მოპასუხეს 2008 წლის 28 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკუთრებაში უღიარა 2052 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2012 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლებით და 143 780 აშშ დოლარად გაასხვისა 2017 წლის 13 აპრილს.
ამავე გადაწყვეტილებაში ვხვდებით შემდეგ მსჯელობას, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს შეძენილი სადავო ბინები, მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად ვერ იქნება მიჩნეული. სასამართლო განმარტავს, რომ შეძენილი ქონების საკუთრების ფორმის (ინდივიდუალური თუ საერთო) განსაზღვრისათვის, არსებითი მნიშვნელობისაა, დადგინდეს შეძენის მიზანი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ქონების შეძენა ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვისაკენ იყო მიმართული და ოჯახის საერთო მიზნებს ემსახურებოდა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხე თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. საცხოვრებლად გადასვლამდე კი ხდებოდა ბინების გაქირავება და მიღებული თანხა ხმარდებოდა ოჯახს. ასევე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ქორწინების პერიოდში დასაქმებული იყო, გააჩნდა შემოსავალი, ზრდიდა შვილს. მოპასუხის მიერ სადავო ბინების შეძენის მიზანი იყო მიმართული ოჯახისკენ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის დედის (ერთ-ერთი მოპასუხე) მითითებას, რომ მიწა რომლის რეალიზაციიდან მიღებული თანხით მოხდა სადავო ბინების შეძენა, იყო საგვარეულო. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბინების შეძენის პერიოდში, მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, შესაბამისად აღიშნულ პერიოდში შეძენილი ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად.[36]
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოწმობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საოჯახო მეურნეობის არსებობა.
3.ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქორწინებაში შეძენილი ქონების განკარგვის სამართლებრივი შედეგები
იშვიათია შემთხვევა როდესაც ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას მეუღლეები თანასაკუთრებაში არეგისტრირებენ. პირადი ურთიერთობაში პრობლემების გაჩენისთანავე, პირი რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ქონება, ცდილობს, ქონების სხვა პირზე ფორმალურად გასხვისების გზით დაბრკოლებები შეუქმნას მეუღლეს. სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხითაც უხვია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160.1 მუხლი, მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვისათვის აუცილებლად მიიჩნევს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამდენად, მესაკუთრედ რეგისტრირებული მეუღლის მიერ მეორე მეუღლის თანასაკუთრების წილის განკარგვა მერყევად ბათილია და მისი ნამდვილობა ამ უკანასკნელის თანხმობაზეა დამოკიდებული, თუმცა ამავე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ არის, მაგრამ მას აღნიშნული უფლება, რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით ჰქონდა. ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება ცხადყოფს, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის უფლება აბსოლუტური არ არის და ქონებაზე მესაკუთრედ დარეგისტრირებული პირის მიერ მეუღლეთა თანასაკუთრების (მათ შორის მეორე მეუღლის წილის) გასხვისებისას, მეორე მეუღლის საკუთრებითი უფლებამოსილების რეალიზაცია განსაზღვრულ გარემოებაზე, კერძოდ, შემძენის არაკეთილსინდისიერების ფაქტის დადგენაზეა დამოკიდებული. სსკ-ის 1160-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დანაწესთა (3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც) გაანალიზებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვის დროს სადავო ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის შედავება, ქონების გასხვისების გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაპირობებს, თუ დადგინდება, შემძენმა არა მხოლოდ იცოდა ჩუქების საგანზე სხვა მესაკუთრის არსებობის თაობაზე, არამედ, ამავდროულად, ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლე ქონების გასხვისების წინააღმდეგი იყო.[37] სხვა შემთხვევაში პრეზუმირებულია, რომ რეგისტრირებული მესაკუთრე მოქმედებს მეუღლესთან ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შემძენი შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ამასთან, აქვე აღსანიშნავია, რომ კეთილსინდისიერი შემძენისა და თანასაკუთრებაზე დაურეგისტრირებელი მეუღლის ინტერესთა კონკურენციისას კანონმდებლობა ზემოთ მითითებულ ნორმათა ფორმულირების გათვალისწინებით, უპირატესობას კეთილსინდისიერ შემძენს ანიჭებს.[38]
მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი (სსკ-ის 319-ე მუხლი). ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. გარიგების შეფასებისათვის უნდა გაანალიზდეს ამ გარიგების მახასიათებლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი განმარტავს, რომ თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.
მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა. მოჩვენებითი გარიგება ბათილია, რადგან მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას. მოჩვენებითი გარიგებისაგან განსხვავებით, თვალთმაქცური გარიგება ნამდვილია. მტკიცებითი ტვირთი როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში. აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას“.[39] გარიგების ბათილობაზე მსჯელობის დროს სასამართლო ყურადღებას აქცევს გასხვისების პერიოდს, ასევე კავშირს გამსხვისებელსა და შემძენს შორის, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას, თუ სასამართლო დაადგენს რომ ქონების განკარგვა მოჩვენებითია, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ქონება აღირიცხება მოსარჩელის თანასაკუთრებაში.
4. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე. 1171 მუხლის მიხედვით განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულს იძლევა.[40]
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას’’.[41] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური მომენტი განქორწინების რეგისტრაციაა, ვინაიდან, განქორწინებული მეუღლეებისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის ქონებრივი დავის არსებობა-არარსებობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რაც განსაზღვრავს განქორწინების საკითხის გადაწყვეტის წესს.[42] ერთობლივი საოჯახო მეურნეობის შეწყვეტის შემდეგ მხარეებმა შესაძლოა განქორწინების რეგისტრაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახდინონ, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ და თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით კვლავ შეეძლება პირს.
5. მტკიცების ტვირთის განაწილება
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.[43]
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102–ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივივ გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორდა რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ (მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს).
მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას.[44]
დასკვნა
სასამართლოს გადაწყვეტილებების, სხვადასხვა სადისერტაციო ნაშრომის, სამეცნიერო სტატიების და სამართლის ამ სფეროში არსებული ლიტერატურის ანალიზის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა გარემოება მასზედ, რომ საოჯახო სამართალი პირდაპირ კავშირშია საზოგადოების წეს-ჩვეულებებთან. სამართლის სხვა დარგების უნიფიკაცია მარტივად შესაძლებელია თუმცა საოჯახო სამართალი იმდენად ერწყმის ერის ღირებულებებს, რომ ამ დარგში ნებისმიერ ცვლილებების განხორციელებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე ქორწინების დროს შეძენილი ქონება რომ თანასაკუთრებად იქნეს მიჩნეული, პირველ ყოვლისა აუცილებელია ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი, მხოლოდ ამის შემდეგ იკვლევს სასამართლო საოჯახო მეურნეობის არსებობას. თუ სასამართლო დაადგენს ფაქტს, რომ ქონების შეძენა მოხდა საოჯახო მეურნეობის ფარგლებში და ემსახურებოდა ოჯახის ინტერესს, მიუხედავად ქონების შესაძენად განკუთვნილი თანხის წარმომავლობისა ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად უნდა იქნეს მიჩნეული. საოჯახო მეურნეობის მოშლის შემდეგ, რეგისტრირებული ქორწინების ფარგლებში შეძენილ ქონებაზე კი თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელება გამორიცხულია.
სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ეპოქალური და პასუხობდეს საზოგადოების მიმდინარე გამოწვევებს. ნორმის განმარტებისას სასამართლო მოქმედებს გონივრული განსჯის პრინციპით. ნორმის განმარტების შედეგად სასამართლო გადაწყვეტილებებში იძენს სიცოცხლისუნარიანობას ათეულობით წლის წინ მიღებული კანონი.
გამოყენებული ლიტერატურა:
ნორმატიული აქტები:
- საქართველოს კონსტიტუცია, 24/08/1995, №786-რს.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 14/11/1997, №1106 –Iს;
- საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, 2024 წლის 17 სექტემბერი, N4438-XVIმს-Xმპ
- თურქეთის სამოქალაქო კოდექსი 08/12/2021 N4721, ხელმისაწვდომია https://rm.coe.int/turkish-civil-code-family-law-book/1680a3bcd4 [14.08.2025];
სამეცნიერო ლიტერატურა:
- შენგელია რ., შენეგლია ე., (2011) საოჯახო სამართალი, თბილისი, მერიდიანი;
- მისაბიშვილი გ., კანონისმიერი მემკვიდრეების რიგების სრულყოფის საკითხები ქართულ კანონმდებლობაში. (2025). სამართალი და მსოფლიო, 11(33), 60-80. https://doi.org/10.36475/11.1.5
- ძლიერიშვილი ზ., (2018), ჩუქება და სამისდღეშიო რჩენა, თბილისი, „მერიდიანი“,
- ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 56, ველი 4, 7, 8, 19, 21, 22;
- ჯაფარიძე, ქ.,, მშობლებისა და შვილების პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, სადისერტაციო ნაშრომი, თბ. 2015, გვ. 27.
- Boele-Woelki K., Common Core and Better Law in European Family Law, Antwerp-Oxford, 2005, 5. მითითებულია მელაძე გ. (2022). მეუღლეთა ქონებრივი ვალდებულებები. სამართლის ჟურნალი, (2), 84–98 (Geo) 77. <https://doi.org/10.60131/jlaw.2.2022.7021> [7 სექტემბერი, 2025]
- Duncan C. William, The State Interests in Marriage (March 14, 2013). Ave Maria Law Review, Vol. 2, No. 1, p. 173, 2004, <https://ssrn.com/abstract=2233190> [02 მარტი, 2025]
- Luthra Somya, The Right to Property - Tracing the Women’s Right to Property Across USA, UK & India, p.9 (September 3, 2022). Indian Journal of Law and Legal Research 2022, <https://ssrn.com/abstract=4209214> [02 მარტი, 2025]
- McCormack John L., Title to Property, Title to Marriage: The Social Foundation of Adverse Possession and Common Law Marriage (Winter 2008). Valparaiso University Law Review, Vol. 42, No. 2, 2008, Loyola University Chicago School of Law Research Paper No. 2011-012, <https://ssrn.com/abstract=1885811> [02 მარტი, 2025]
- Robert A. Barker & Vincent C. Alexander, Hearsay Exceptions Where Availability of the Declarant is Immaterial, in 5 N.Y. PRAC., EVIDENCE IN NEW YORK STATE AND FEDERAL COURTS § 8:56 (2006).
- Verbeke A. P. G., A New Deal for Belgian Family Property Law (April 19, 2013). Verbeke, A.-L. (2013), A new deal for Belgian family property law, in Alofs, E., Byttebier, K., Michielsens, A., Verbeke, A.-L. (eds.), Liber Amicorum Hélène Casman, Antwerp/Cambridge, Intersentia, 2013, p. 471, <https://ssrn.com/abstract=2312659> [02 მარტი, 2025]
სასამართლო გადაწყვეტილებები:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1159-2023, პარაგ 22;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1226-2020 25 მარტი, 2021 წელი, პარაგ 71;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1432-2019;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-963-2018;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1753-2018;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის გადაწვეტილება საქმეზე №ას-963-2018, პარაგ 22.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1426-1346-2017
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1160-2018;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1206-1166-2016 წელი
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-458-440-2016;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-7-7-2016, 16.03.2016 წ., 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1169-1089-2017;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე საქმე №ას-7-7-2016, 2022 წლის 14 თებერვლის საქმე №ას-1760-2018, 2008 წლის 15 მაისის საქმე №ას-968-1269-07;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-187-174-2015;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-531-505-2013
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-571-879-09;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე N 010210122005629412, პარაგ 6.7;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე N 010210023006933423, პარაგ 6.4;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე N330210021005025429
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 27 ოქტომბრის #18535/91 გადაწყვეტილება საქმეზე Kroon and others v. The Netherlands. <https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-57904%22]}> [02 მარტი, 2025]
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 27 ოქტომბრის #18535/91 გადაწყვეტილება საქმეზე Kroon and others v. The Netherlands, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-205-2019;
- ŞERİFE YİĞİT v. TURKEY, no. 3976/05, 2010 წლის 02 ნოემბერი, https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22tabview%22:[%22document%22],% 22itemid%22:[%22001-101579%22]}) მითითებულია სუსგ საქმე №ას-1760-2018, 14 თებერვალი, 2022 წელი
- Maynard v. Hill, 125 U.S. 190, 2011 (1888), <https://supreme.justia.com/cases/federal/us/125/190/> [02 მარტი, 2025]
სქოლიო
[1] ჯაფარიძე, ქ., მშობლებისა და შვილების პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, სადისერტაციო ნაშრომი, თბ. 2015, გვ. 27.
[2] საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუცია“ N786,
24/08/1995, მუხლი 30, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36> [7 სექტემბერი, 2025 წელი].
[3] შენგელია რ., შენეგლია ე., (2011) საოჯახო სამართალი, თბილისი, მერიდიანი, გვ. 10
[4] იქვე, გვ 11
[5] საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’, 2024 წლის 17 სექტემბერი, N4438-XVIმს-Xმპ, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/6283255?publication=0#DOCUMENT:1;> [7 სექტემბერი, 2025].
[6] Maynard v. Hill, 125 U.S. 190, 2011 (1888), <https://supreme.justia.com/cases/federal/us/125/190/> [02 მარტი, 2025]
[7] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1226-2020, პარაგ 69.
[8] Duncan C William, The State Interests in Marriage (March 14, 2013). Ave Maria Law Review, Vol. 2, No. 1, p. 173, 2004, <https://ssrn.com/abstract=2233190> [02 მარტი, 2025]
[9] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 27 ოქტომბრის #18535/91 გადაწყვეტილება საქმეზე Kroon and others v. The Netherlands. <https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-57904%22]}> [02 მარტი, 2025]
[10] Boele-Woelki K., Common Core and Better Law in European Family Law, Antwerp-Oxford, 2005, 5. მითითებულია მელაძე გ. (2022). მეუღლეთა ქონებრივი ვალდებულებები. სამართლის ჟურნალი, (2), 84–98 (Geo) 77. <https://doi.org/10.60131/jlaw.2.2022.7021.
[11] ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე N 010210023006933423, პარაგ 6.4.
[12] Luthra Somya, The Right to Property - Tracing the Women’s Right to Property Across USA, UK & India, p.9 (September 3, 2022). Indian Journal of Law and Legal Research 2022, <https://ssrn.com/abstract=4209214> [02 მარტი, 2025]
[13] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე საქმე №ას-7-7-2016, 2022 წლის 14 თებერვლის საქმე №ას-1760-2018, 2008 წლის 15 მაისის საქმე №ას-968-1269-07;
[14] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1160-2018;
[15] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. / 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
[16] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 27 ოქტომბრის #18535/91 გადაწყვეტილება საქმეზე Kroon and others v. The Netherlands, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-205-2019;
[17] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1159-2023, პარაგ 22;
[18] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1226-2020 25 მარტი, 2021 წელი, პარაგ 71;
[19] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-187-174-2015;
[20] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-458-440-2016;
[21] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1753-2018;
[22] იხ. ŞERİFE YİĞİT v. TURKEY, no. 3976/05, 2010 წლის 02 ნოემბერი, https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22tabview%22:[%22document%22],% 22itemid%22:[%22001-101579%22]}) მითითებულია სუსგ საქმე №ას-1760-2018, 14 თებერვალი, 2022 წელი
[23] თურქეთის სამოქალაქო კოდექსი მუხლი 134-144 https://rm.coe.int/turkish-civil-code-family-law-book/1680a3bcd4 [14 აგვისტო, 2025];
[24] Verbeke A. P. G., A New Deal for Belgian Family Property Law (April 19, 2013). Verbeke, A.-L. (2013), A new deal for Belgian family property law, in Alofs, E., Byttebier, K., Michielsens, A., Verbeke, A.-L. (eds.), Liber Amicorum Hélène Casman, Antwerp/Cambridge, Intersentia, 2013, p. 471, <https://ssrn.com/abstract=2312659> [02 მარტი, 2025]
[25] Robert A. Barker & Vincent C. Alexander, Hearsay Exceptions Where Availability of the Declarant is Immaterial, in 5 N.Y. PRAC., EVIDENCE IN NEW YORK STATE AND FEDERAL COURTS § 8:56 (2006).
[26]Sumner, I.,& Warendolf, H.(2003). Family law legislation of the Netherlands. p. 245. მითითებულია მისაბიშვილი გ., კანონისმიერი მემკვიდრეების რიგების სრულყოფის საკითხები ქართულ კანონმდებლობაში. (2025). სამართალი და მსოფლიო, 11(33), 60-80. https://doi.org/10.36475/11.1.5
[27] მისაბიშვილი გ., კანონისმიერი მემკვიდრეების რიგების სრულყოფის საკითხები ქართულ კანონმდებლობაში. (2025). სამართალი და მსოფლიო, 11(33), 60-80. https://doi.org/10.36475/11.1.5
[28] ზოგადად, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე. იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე N330210021005025429
[29] არარეგისტრირებულ თანაცხორებაში მყოფი პირების მიერ, შესაძლოა საერთო სახსრებით მოხდეს ქონების შეძენა და აღნიშნული ქონების არა თანასაკუთრებაში, არამედ რომელიმე პირის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაცია.
[30] McCormack John L., Title to Property, Title to Marriage: The Social Foundation of Adverse Possession and Common Law Marriage (Winter 2008). Valparaiso University Law Review, Vol. 42, No. 2, 2008, Loyola University Chicago School of Law Research Paper No. 2011-012, < https://ssrn.com/abstract=1885811> [02 მარტი, 2025]
[31] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-7-7-2016, 16.03.2016 წ., 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1169-1089-2017;
[32] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის გადაწვეტილება საქმეზე №ას-963-2018, პარაგ 22.
[33] ძლიერიშვილი ზ., (2018), ჩუქება და სამისდღეშიო რჩენა, თბილისი, „მერიდიანი“,გვ: 306;
[34] Verbeke, A.P. G., A New Deal for Belgian Family Property Law (April 19, 2013). Verbeke, A.-L. (2013), A new deal for Belgian family property law, in Alofs, E., Byttebier, K., Michielsens, A., Verbeke, A.-L. (eds.), Liber Amicorum Hélène Casman, Antwerp/Cambridge, Intersentia, 2013, p. 466, <https://ssrn.com/abstract=2312659> [02 მარტი, 2025]
[35] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-963-2018;
[36] ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმე N 010210122005629412, პარაგ 6.7
[37] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-571-879-09;
[38] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1432-2019;
[39] ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 56, ველი 4, 7, 8, 19, 21, 22
[40] საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
[41] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’
[42] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-531-505-2013
[43] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1206-1166-2016 წელი
[44] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1426-1346-2017
##plugins.themes.bootstrap3.article.details##
როგორ უნდა ციტირება

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .