ISSN (ბეჭდვითი): 2346-7916

ISSN (ელექტორნული): 2587-5043

წვდომა: ღია წვდომა

„სამართალი და მსოფლიოს“ საგამომცემლო ეთიკის კოდექსი

1. ზოგადი

1.1. აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ გამომცემლის, სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტისა და ავტორის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს;

1.2. კოდექსის მიზანია, ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსაზღვროს „სამართალი და მსოფლიოს“ პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ;

1.3. კოდექსი შექმნილია სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით;

1.4. აღნიშნული კოდექსი ვითარდება და იხვეწება თანამედროვეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ხდება საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ეთიკური თვალსაზრისით.

2. სარედაქციო კოლეგიის მოვალეობები

2.1. სარედაქციო კოლეგიამ თავისი საქმიანობა უნდა შეასრულოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად, რაც წარმოშობს მომხმარებლის ნდობას და წარმოადგენს ჟურნალის შეფასების მთავარ საფუძველს;

2.2. სარედაქციო კოლეგია ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას იღებს რეცენზენტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, თუმცა რეკომენდაცია არ იძლევა ნაშრომის გამოქვეყნების სრულ გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია;

2.3. სარედაქციო კოლეგია გამოქვეყნების საკითხს წყვეტს ნაშრომის სამეცნიერო და ინტელექტუალური ღირებულებით და არა ავტორის რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური რწმენის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით;

2.4. სარედაქციო საბჭომ არ უნდა მოახდინოს ინფორმაციის, მონაცემების გამოყენება ან წარდგენილი სტატიის ინტერპრეტაცია, სანამ იგი არ გამოქვეყნდება, ან ავტორი არ მისცემს ამის ნებართვას;

2.5. საჭიროების შემთხვევაში მთავარი რედაქტორი წარმოადგინს სარედაქციო კოლეგიის მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტირებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს ნაშრომის შინაარსთან და დასკვნებთან დაკავშირებით;

2.6. თუ მთავარი რედაქტორი არის სტატიის ავტორი/თანაავტორი, იგი არ შეიძლება ჩაერთოს ამ სტატიის განხილვის პროცესში. ასეთ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა გადაეცემა სარედაქციო საბჭოს სხვა წევრს.

3. რეცენზენტის მოვალეობები

3.1. რეცენზენტი სტატიის შეფასებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისაგან ან ზეწოლისაგან. იგი აფასებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს და არ ექცევა საკუთარი ან სხვა პირების ინტერესთა გავლენის ქვეშ;

3.2. რეცენზენტი მკაფიოდ ასაბუთებს თავის პოზიციას სტატიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით;

3.3. შეფასება უნდა ემყარებოდეს ობიექტურობის პრინციპს, დაუშვებელია ავტორის მიმართ პერსონალური კრიტიკა. პოზიცია ნაშრომთან დაკავშირებით გამოხატული უნდა იქნეს მხოლოდ არგუმენტების საფუძველზე;

3.4. რეცენზენტმა სტატიის შეფასებისას მიღებული ინფორმაციის გამოყენებისას უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა, არ უნდა გამოიყენოს გამოუქვეყნებელი სტატიიდან მიღებული ინფორმაცია რაიმე ფორმით, პირადი მიზნებისათვის, ან .იმგვარად, რაც წინააღმდეგობაში იქნება ავტორის ინტერესებთან ან ზარალს მიაყენებს ჟურნალის მიზნებსა და ამოცანებს;

3.5. რეცენზენტი არ გადასცემს სტატიას სხვა შემფასებლებს მთავარი რედაქტორის ნებართვის გარეშე;

3.6. რეცენზენტმა უნდა აღნიშნოს ყველა მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ავტორს არა აქვს გამოყენებული და ამის შესახებ უნდა აცნობოს რედაქციას; მან უნდა აწარმოოს დაკვირვება გამოყენებულ ციტირებაზე, რომელიც ავტორს არა აქვს შესაბამისად ციტირებული, ყურადღება უნდა მიაქციოს, არსებობს თუ არა რაიმე არსებითი გადაკვეთა მსგავს საკითხზე გამოქვეყნებულ სხვა მეცნიერთა ნაშრომებში;

3.7. თუ რეცენზენტი შეფასების პროცესში თავს თვლის არაკვალიფიციურად და კვლევის საგანი აღემატება მის კომპეტენციას, მან თავად უნდა აცნობოს „სამართალი და მსოფლიოს“ რედაქციას ამის შესახებ.

4. ავტორის მოვალეობები

4.1. ავტორმა უნდა დაარწმუნოს სარედაქციო კოლეგია, რომ მისი ნაშრომი არის ორიგინალური კვლევის შედეგი;

4.2. ნაშრომი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს „სამართალი და მსოფლიოს“ ტექნიკურ პარამეტრებს;

4.3. სხვა ავტორების იდეებისა და ციტატების გამოყენების შემთხვევაში, ნაშრომი უნდა იყოს შედგენილი „სამართალი და მსოფლიოს“ სავალდებულო ციტირების სტილის შესაბამისად;

4.4. პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება ითვლება არაეთიკურ და მიუღებელ ქცევად;

4.5. იმ შემთხვევაში, თუ პლაგიატის ნიშნები აღმოჩნდება გამოქვეყნების შემდგომ, სარედაქციო კოლეგია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შეისწავლოს საკითხს, პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში კი იმსჯელებს ავტორის პასუხისმგებლობის შესახებ;

4.6. ასეთ შემთხვევაში, სარედაქციო საბჭო, პლაგიატის წარმომდგენ ავტორს აუკრძალავს „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის გამოქვეყნებას საბოლოოდ ან 3 წლით, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

4.7. ავტორმა არ უნდა გადასცეს უკვე გამოქვეყნებული ნაშრომი სხვა ჟურნალს, ან სხვა გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომი არ უნდა გამოუგზავნოს რედაქციას;

4.8. თანაავტორობის შემთხვევაში, რედაქცია აქვეყნებს ნაშრომს მხოლოდ თანაავტორთა წერილობითი დადასტურების შემდგომ;

4.9. რეცენზენტის მიერ რეკომენდირებული ცვლილების შემთხვევაში, საჭიროა თითოეული თანაავტორის დასტური ცვლილებების შესახებ;

4.10. ავტორს ექნება შესაძლებლობა სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად მიმართოს მთავარ რედაქტორს.

5. გამომცემლის მოვალეობები

5.1. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი უზრუნველყოფს „სამართალი და მსოფლიოს“ ეთიკის ნორმების შესრულებას აღნიშნული კოდექსის მიხედვით;

5.2. გამომცემელმა უნდა დაარწმუნოს ავტორი/მკითხველი, რომ „სამართალი და მსოფლიოს“ სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე არ ხდება რაიმე გარე ფაქტორების ჩარევა;

5.3. გამომცემელი უზრუნველყოფს კომუნიკაციას ჟურნალსა და ავტორს შორის;

5.4. გამომცემელი ახდენს მორიგების საუკეთესო შეთავაზებას საჩივრის შემთხვევაში;

5.5. გამომცემელი ხელს უწყობს და ავითარებს „სამართალი და მსოფლიოს“ საუკეთესო პრაქტიკას და ორიენტირებულია უზუსტობების გამოსწორებაზე და სიახლეების დანერგვაზე.