სიახლეები

მთავარი რედაქტორის მიმართვა

პატივცემულო მკითხველო,

მინდა მოგილოცოთ ჟურნალ "სამართალი და მსოფლიოს“ წარმატება, რაც მის საერთაშორისო აღიარებას უკავშირდება. 2018 წლიდან ჟურნალი "სამართალი და მსოფლიო“ უკვე მსოფლიოს 3 წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაშია რეგისტრირებული. აქედან (ISI) საერთაშორისო ბაზაში impact Factor მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ISI სერვერი წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ინდექსირებას აწარმოებს, ეს არის საერთაშორისო მომსახურება, რომელიც მაღალ ხარისხიან ჟურნალებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ISI-ის ბაზაში სულ რეგისტრირებულია 3092 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, თითოეულს კი რეიტინგის სხვადასხვა მაჩვენებელი გააჩნია. ჟურნალ "სამართალი და მსოფლიოს“ რეიტინგი impact Factor 1.057 ნიშნულით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრირებულ 3092 ჟურნალს შორის, სამართალი და მსოფლიო 32-ე ადგილს იკავებს.

ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შეყვანა და მით უფრო impact Factor -ის მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანი და წინ გადადმული ნაბიჯია. ეს ფაქტობრივად ქვეყანაში სამართლის მეცნიერებისა და დარგის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისია. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურისტების სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მათ გაცნობას.

დაბოლოს, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ უცხოელ, თუ ქართველ სამართლის დარგის მეცნიერს თანამშრომლობისათვის, რომლებიც ჟურნალის პირველი ნომრიდან გვეხმარებიან სტატიების რეცენზირების პროცესში.