სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტმა მთავარი პროკურორის კანდიდატად კახა კახიშვილი დაასახელა

2018 წლის 13 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი დაასახელა. სხდომა უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა და მას დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორები, აღნიშნული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს ექსპერტი, ჟენევის ადვოკატი - Pilippe Currat. 

შეხვედრის ფარგლებში, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ევროპის უნივერსიტეტსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასახელდა. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებამ ხაზი გაუსვა მინისტრის მიერ პენიტენციალურ სისტემაში განხორცელებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიცევროპის უნივერსიტეტის სტუმრების - აშშ-ს მოსამართლეებისა და ადვოკატების განსაკუთრებული მოწონების საგანი არაერთხელ გამხდარა. 2018 წლის ივნისში, ევროპის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად ენახათ თუ რა ვითარებაა საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.

2018 წლის 31 მაისს, ირაკლი შოთაძის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტის დატოვების შემდეგ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მთავარი პროკურორის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. აღნიშნულ პროცესში ჩართვის შედეგად, ევროპის უნივერსიტეტმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.