სიახლეები

ამერიკელმა მოსამართლეებმა ქართველი სამართალმცოდნეებისთვის მასტერკლასი გამართეს

2018 წლის 16 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართველი სამართალმცოდნეებისთვის მასტერკლასი აშშ-დან მოწვეულმა მოსამართლეებმა გამართეს და მათ აშშ-ს გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას ლექციათა ციკლის სახე ჰქონდა - თითოეული სპიკერი კონკრეტული თემის ირგვლივ 25 წუთის განმავლობაში საუბრობდა, შემდეგ კი მოხსენებული საკითხის შესახებ დისკუსია იმართებოდა.

 
ღონისძიებაზე შემდეგი საკითხები მიმოიხილეს:
  • აშშ-ს საარჩევნო პროცესი
  • სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში
  • აშშ-ს სამართლის სკოლები
  • ნაფიცმსაჯულთა შერჩევის სისტემა
  • აშშ-ს კონსტიტუცია
  • სასჯელის შეფარდების გზამკვლევი მინესოტაში

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა - თამარ ზაქარაშვილმა, აშშ-ს საელჩოსა და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

ლექციათა ციკლი ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამართლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 2018 წლის 15 მაისს აშშ-დან მოწვეული მოსამართლეები სასჯელაღსრულების მინისტრს, ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს, საქართველოს მთავარ პროკურორსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდნენ. ამ წუთებში კი ბილტმორ თბილისში კონფერენცია სახელწოდებით "მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები" იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელ მოსამართლეებთან ერთად საქართველოს საკანონმდებლო, აღმსასრულებელი და სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებენ.