დებულება

დებულება

სამართლის სამეცნიერო ჟურნალი ,,სამართალი და მსოფლიო’’

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი ,,სამართალი და მსოფლიო’’, (შემდგომში - ჟურნალი), წარმოადგენს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“-ს (შემდგომში - ინსტიტუტი) სტრუქტურულ ერთეულს, სადაც ქვეყნდება სამართლის თემატიკის სამეცნიერო სტატიები აქტუალურ საკითხებზე.
  2. ჟურნალი თავის საქმიანობას წარმართავს წინამდებარე დებულების  მიხედვით.
  3. ჟურნალის საერთო პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ინსტიტუტი.
  4. ჟურნალი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  5. ჟურნალი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან, ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან, იურისტებთან.
  6. ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებზე დაცული იქნება ყველა მატერიალური, თუ არამატერიალური საავტორო უფლება.
  7. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი (ISSN 2346-7916) და სერიულ გამოცემათა საერთაშორისო სტანდარტული ნომერი.
  8. ჟურნალის ვებ-გვერდზე ქვეყნდება ჟურნალის ელექტრონული ვერსია.
  9. ჟურნალი ეწევა ასევე სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

მუხლი 2. ჟურნალის მიზნები, ამოცანები და პოლიტიკა

  1. ჟურნალის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა და პრაქტიკოს იურისტთა განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების წარმოჩენა და ჟურნალში გამოქვეყნების გზით მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
  2. ჟურნალის ამოცანაა საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის მოპოვება და იმ ნიშის დაკავება, რაც საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ტრადიციების ჟურნალებს უკავიათ.
  3. ჟურნალი იცავს  სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ეთიკას. 

მუხლი  3. სარედაქციო კოლეგია

  1. ჟურნალს ჰყავს სამართლის დარგში მოღვაწე აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტებისაგან შემდგარი სარედაქციო კოლეგია, რომლებიც ფლობენ მაღალ პრაქტიკულ და თეორიულ კვალიფიკაციას და არიან აღარებული კომპეტენტურობის მქონე სამართლმცოდნეები.
  2. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი მთავარ რედაქტორთან შეთანხმებით.
  3. ჟურნალის ტექნიკურ პერსონალს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.
  4. გამოქვეყნებული სტატიის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. მისი პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო კოლეგიის შეხედულებებს.
  5. ჟურნალის რედაქცია პასუხს არ აგებს სტატიის გამოქვეყნების შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზარალზე. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის გამოქვეყნების შედეგად მოხდა საავტორო ან სხვა უფლებების დარღვევა, რედაქცია უფლებამოსილია გამოქვეყნებული სტატია ამოიღოს მონაცემთა ბაზიდან.
  6. რედკოლეგია უფლებამოსილია განიხილოს სამეცნიერო ნაშრომი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნების ან არგამოქვეყნების შესახებ.
  7. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებული სტატიების სამეცნიერო შინაარსის ხარისხზე.
  8. სარედაქციო კოლეგიის მიერ უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სტატია არ გამოქვეყნდება.

მუხლი 4. მთავარი რედაქტორი

  1. ჟურნალის საქმიანობას ხელმძღვანელობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორი.
  2. მთავარი რედაქტორი ანაწილებს მოვალეობებს სარედაქციო კოლეგიის წევრებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს.
  3. მთავარი რედაქტორი ჟურნალს დამოუკიდებლად წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 
  4. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის დირექტორთან.

მუხლი 5. სტატიის გამოქვეყნების პირობები

  1. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სტატიები, რომლებიც შეიცავენ მეცნიერული სიახლის ელემენტებს და ეხებიან შემდეგ თემატიკას:
    • ზოგადი სამართლებრივი პრობლემები;
    • ადამიანის უფლებები;
    • დემოკრატია;
    • სახელმწიფო მართვის საკითხები;
    • მსოფლიოში მიმდინარე საომარი კონფლიქტების სამართლებრივი ანალიზი.
  2. დასაბეჭდად მიიღება აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, დოქტორანტებისა და პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომები. 
  3. პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში სტატია არ გამოქვეყნდება, ხოლო პლაგიატის წარმომდგენ ავტორს შემდგომში აღარ ექნება ჟურნალში სხვა სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა.
  4. აუცილებელია ნაშრომის გადმოცემის აკადემიური სტილის დაცვა, ციტირების ობიექტურობა, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში მიღებული და დამკვიდრებული მეცნიერული სტილის წარმოჩენა.
  5. წარმოდგენილი სტატიები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული მსოფლიოს არცერთ სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ-გამოცემაში.
  6. სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში ნაშრომი ხელმისაწვდომი  იქნება ნებისმიერი მკითხველისთვის და ამის თაობაზე ავტორთან რაიმე დამატებითი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო.
  7. სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდება მხოლოდ სავალდებულო წინასწარი  ფარული რეცენზირების შემდეგ.
  8. სტატია რედაქციაში შემოსვლის შემდეგ ეგზავნება რეცენზიისათვის სამართლის დარგში მოღვაწე აღიარებულ თეორიტიკოს და პრაქტიკოს მუშაკებს.
  9. სტატია გამოქვეყნებამდე გადის „ორმხრივ ფარულ  (ანონიმურ) რეცენზირებას“ (“double-blindpeer review”): რეცენზენტმა  და ავტორმა  არ იციან ერთმანეთის ვინაობა. სტატიის გამოქვეყნებისათვის აუცილებელია ორი პირის დადებითი რეცენზია.
  10. რეცენზენტები სტატიას აფასებენ ჟურნალის მიერ დადგენილ ფორმაში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.
  11. სტატიის გამოქვეყნებისათვის აუცილებელია რეცენზენტების მიერ მისი არანაკლებ 70 ქულით შეფასება.
  12. რეცენზენტებს ირჩევს თავისი შეხედულებით ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
  13. ნებისმიერ მკითხველს ან ავტორს ექნება შესაძლებლობა განმარტების მისაღებად მიმართოს ინსტიტუტის დირექტორს.
  14. სტატიები ქვეყნდება უსასყიდლოდ.
  15. ავტორების CV დაიდება ჟურნალის არქივში.

 მუხლი 6.  სტატიის წარმოდგენის წესები და ვადები

  1. წელიწადში გამოიცემა ჟურნალის ორი ნომერი მაისის თვეში და  დეკემბრის თვეში. შესაძლებელია ასევე დამატებითი ან  სპეციალური ნომრის გამოცემა წლის ნებისმიერ დროს.
  2. გაზაფხულის ნომრისათვის სტატიის წარმოდგენის ვადაა 10 იანვრიდან 31 მარტი, ხოლო დეკემბრის ნომრისათვის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით.
  3. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით. 
  4. ავტორმა (ავტორებმა) სტატიასთან ერთად უნდა გამოგზავნოს ან წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი, CV (ქართულ ენაზე, არსებობისას ინგლისურ ენაზე), ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოქვეყნებამდე ავტორი ვალდებულია ჟურნალს აცნობოს მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.
  5. სტატიები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური სახით.
  6. ჟურნალი ახდენს ნაშრომის გრამატიკულ კორექტირებას. რედაქტირებული სახით გამოქვეყნებაზე ავტორმა უნდა განაცხადოს წერილობითი თანხმობა რედაქტირებული ნაშრომის მისთვის გაგზავნიდან სამი კალენდარული დღის ვადაში (შესაძლებელია თანხმობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც). თუ დადგენილ ვადაში თანხმობა არ იქნება ავტორისგან მიღებული, რედაქცია უფლებას იტოვებს შეაჩეროს სტატია ან დაბეჭდოს ავტორის თანხმობის გარეშე.
  7. დაწუნებული სტატია ავტორს არ დაუბრუნდება.
  8. სტატიის მოწოდება ხდება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნით:  info@lawandworld.ge მითითებით ,,სამეცნიერო სტატია’’.
  9. ჟურნალის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).
  10. სტატია წარმოდგენილ უნდა იქნას „სამეცნიერო სტატიის გაფორმების სავალდებულო ფორმატი“-ს შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ჟურნალის ვებგვერდზე.

მუხლი 7. საერთაშორისო თანამშრომლობა

  1. ჟურნალი თანამშრომლობს და აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა ფართო წრეებთან.
  2. ჟურნალში დაიბეჭდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების სტატიები ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, და ფრანგულ ენებზე (ინგლისური რეზიუმეს და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი გამოყენებული ლიტერატურისა და შენიშვნების თანხლებით).

მუხლი 8დასკვნითი დებულებები

  1. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს, ინსტიტუტის დირექტორის გადაწყვეტილებით, მთავარი რედაქტორის წარდგენის საფუძველზე.
  2. ჟურნალის ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენს ინსტიტუტი, ინსტიტუტის დამფუძნებლის და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
  3. ჟურნალის გამომცემლობის ლიკვიდაცია ხდება ინსტიტუტის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.

 

დანართი

სამეცნიერო სტატიის შეფასების ფორმა